ამ დღეს ყველა ცდილობს, დაივიწყოს ყველაფერი ცუდი, მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და იმედის თვალით შესცქერის ახალი წლის შემობრძანებას. საახალწლო საწესჩვეულებო ცერემონიალი საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, ცალკეულ კუთხეებში წესები მაინც განსხვავებული იყო. თუ როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ძველად, რატომ ჰქონდა ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეწინააღმდეგება თუ არა აღნიშნული რიტუალები ქრისტიანობას? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სიხარულიძე.
ქეთევან სიხარულიძე: ახალი წელი, დროის ახალი მონაკვეთის დასაბამი, განსაკუთრებული მაგიური ნიშნით აღიბეჭდა ადამიანის წარმოსახვაში და ამიტომაც მას ყველგან გამორჩეულად ზეიმობდნენ. იგი ეფუძნებოდა წლის პირველი დღის მაგიას, ანუ იმის რწმენას, რომ ეს დღე განაპირობებდა დამდეგი წლის ბარაქიანობასა და საზოგადო ვითარებას. საახალწლო რიტუალთა მთელ წყებას საკმაოდ ღრმა რელიგიური ფესვები აქვს. წელიწადის დროთა მონაცვლეობა დაუკავშირდა ნაყოფიერების ღვთაების მითოსს, რომლის მიხედვითაც ეს ღვთაება ზამთარში გადადიოდა საიქიოში, მიწისქვეშა სამყაროში, სასიცოცხლო ძალებიც წყვეტდნენ თავიანთ მოქმედებას. გაზაფხულზე ნაყოფიერების ღვთაება ბრუნდებოდა და ზამთარში მიძინებული ბუნება კვლავ იღვიძებდა. ძველების წარმოდგენით, სწორედ ამ დროს იწყებოდა სიცოცხლის ციკლის ახალი ეტაპი, ანუ ახალი წელი. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადო მოვლენა, ამიტომ მას განსაკუთრებული რიტუალებით აღნიშნავდა მთელი კოლექტივი.
იწყებოდა იგი პირველი ხნულის გავლებით, რასაც საქართველოში მიწის გაღვიძება ერქვა. ხნული, იგივე კვალი, იყო ის გზა, რომელსაც მიწისქვეშეთიდან მოჰყვებოდა ნაყოფიერების ღვთაება. იგი განახლებული უბრუნდებოდა თავის საუფლოს და თან მოჰქონდა ახალი სიცოცხლე. მას ხვდებოდნენ საჩუქრებით (პროდუქტით), რათა იგივე მიეღოთ მისგან. ამიტომაც გამოირჩევა ახალი წელი სანოვაგის სიუხვით.
პირველი ხნული (კვალი) გაჰქონდა კაცს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილი იყო დავლათიანობით (ბედის, ბარაქიანობის, ღვთის მადლის მქონე), რათა მის მიერ მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაჰბედებოდა. აქედან მოდის მეკვლეს სახელიც, რომლის ფუნქცია დავიწროვდა იმის შემდეგ, რაც ახალი წლის აღნიშვნამ უმთავრესად საოჯახო ხასიათი მიიღო.
წყარო:
პირველი ხნული (კვალი) გაჰქონდა კაცს, რომელიც საზოგადოებაში ცნობილი იყო დავლათიანობით (ბედის, ბარაქიანობის, ღვთის მადლის მქონე), რათა მის მიერ მოხნულ მიწას მოსავლიანობა დაჰბედებოდა. აქედან მოდის მეკვლეს სახელიც, რომლის ფუნქცია დავიწროვდა იმის შემდეგ, რაც ახალი წლის აღნიშვნამ უმთავრესად საოჯახო ხასიათი მიიღო.
წყარო:
No comments:
Post a Comment